ინსტიტუტის მისია

Home / ინსტიტუტის მისია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკისა და მაღალტექნოლოგიური ინჟინერიის მიმართულებების განვითარებას, ცოდნის შექმნასა და გავრცელებას. ინსტიტუტის საქმიანობა ეფუძნება მაღალი ენერგიების, დეტექტორებისა და ნაწილაკთა ფიზიკის, ასევე ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით კვლევებს, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია სამეცნიერო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით.

ინსტიტუტის მისიაა უზრუნველყოს სხვადასხვა სირთულის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების შესრულება საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო პროექტების ფარგლებში, რაც ეფუძნება ინსტიტუტის ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ პოტენციალს. ამავე მიზანს ემსახურება ინსტიტუტის მონაწილეობა ისეთ გლობალურ სამეცნიერო კოლაბორაციებში, როგორიცაა DUNE (Fermilab, USA), CMS (CERN, LHC, Switzerland) და COMET (KEK, J-PARC, Japan). ექსპერიმენტები, სადაც ქართველი მეცნიერები ხდებიან მოწინავე კვლევების შემადგენელი ნაწილი.

ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, მისი საერთაშორისო თანამშრომლობით:

  • გლობალური სამეცნიერო პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ ხდის უნივერსიტეტს;
  • აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას მაღალი დონის კვლევებში;
  • აფართოებს ქვეყნის სამეცნიერო სივრცეს და ახდენს მისი ცოდნის გავრცელებას როგორც შიდა ისე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში.

ინსტიტუტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა არსებული სამეცნიერო პრაქტიკის გაფართოება ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით. კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი თავის მისიას ხედავს, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოებისათვის დიდი როლის მქონე პლატფორმას, რაც თავის მხრივ ემსახურება ქვეყნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მდგრად განვითარებას.